logo
ENG



წითლიძე ივანიშვილზე: ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს ყოფილა ქვეყნის ევროპული მომავალი

30 აპრ 202412:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/p7emn2exzfw38h5.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს.

წითლიძის განცხადებით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ევროპული მომავალი და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა.

"ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა რუსმა ოლიგარქმა და უკვე ნათლად და ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ევროპული მომავალი. მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ღიად თქვა, რომ ის 2012 წელს მოვიდა ერთადერთი დავალებით და ეს დავალება არის, დააკარგინოს საქართველოს ევროპული მომავალი.

გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს იყო შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი თავისუფლად სიარული ფაქტობრივად, გაუჭირდა და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა, შემდეგ ისე წავიდა, რომ არც ერთ რეალურ პრობლემაზე 12 წლის განმავლობაში, რაც ამ ქვეყანაში დაგროვდა, არ ულაპარაკია", - აღნიშნავს წითლიძე.

გუშინ ივანიშვილს ქართული ოცნების კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდა.

მან მმართველი გუნდის რიტორიკა გაიმეორა და კვლავ "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა. ამასთან, ივანიშვილმა თქვა, რომ "გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და EU-ზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს". 

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა რუსული კანონის ხელახლა ინიციირების მიზეზებზე. მან ამ საკითხების "საკანონმდებლო მოწესრიგების მნიშვნელობასა" და ოპოზიციის "დასუსტებაზე" ისაუბრა და ამტკიცა, რომ კანონის მისაღებად დრო "იდეალურად" შეარჩიეს.


close დახურვა