logo
ENG



საგამოძიებო: ლეონიძის ქუჩაზე პოლიციის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11 მაი 202411:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/ef2oa5d6av3xxpf.jpg

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 11 მაისის ღამეს ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 11 მაისს, გ. ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გვიან ღამით თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეონიძის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს.

დაკავებების დროს მოქალაქე ლექსო სამხარაძე Facebook-ზე წერდა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ცოლთან ერთად სცემეს. გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დაკავებისას პოლიცია მოქალაქეს სასტიკად უსწორდება.


close დახურვა