logo
ENG



შსს ირწმუნება, რომ პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე "ნასვამი იყო, ხელი შეუშალა გადაადგილებაში"

11 მაი 202411:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/11/35zh1dnrbyka7e5.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 მაისის ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის სასტიკად ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მძღოლმა ხელი შეუშალა სამართალდამცველებს გადაადგილებაში. შსს ირწმუნება, რომ მოქალაქე ირაკლი წიგნაძე ნასვამი იყო.

შსს განცხადებაში არაფერს ამბობს პოლიციის მიერ მოქალაქის სასტიკ ცემაზე და მომხდარს "დაპირისპირებას" უწოდებს. განცხადება სრულად:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.

საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.

მიუხედავად იმის რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება.

საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში", - ნათქვამია განცხადებაში. 

გვიან ღამით თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეონიძის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს.

დაკავებების დროს მოქალაქე ლექსო სამხარაძე Facebook-ზე წერდა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ცოლთან ერთად სცემეს. გარდა ამისა, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დაკავებისას პოლიცია მოქალაქეს სასტიკად უსწორდება.

ცოტა ხნის წინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


close დახურვა