გაფიცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ.
"მოთმენის დრო აღარ არის!
მკაფიოდ აქამდე არავის გამოუხატავს აზრი და დრო მოვიდა ჩვენი ხმაც გაგაგონოთ! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ცალსახად ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას. უგულებელვყოფთ კანონს, რომელიც ხერგავს განვითარებისკენ მიმავალ გზებს, რათა არ გავიღვიძოთ რეალობაში, რომელშიც ცხოვრება, ზუსტად ვიცით, რომ მწარე იქნება!
ვდგავართ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებმაც თავიანთი აზრი მკაფიოდ უკვე გამოაცხადეს და ვუერთდებით გაფიცვას! მზად ვართ, ჩვენი კენჭიც შევაგდოთ საქართველოს მომავლისკენ მიმავალ ბილიკზე!
მზად ვართ, გაგაგონოთ, რომ ჩვენ არ გვინდა არც აწმყო და მით უმეტეს არც მომავალი, რომელიც არ მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ განათლებულები, შეგვზღუდავს შესაძლებლობის არსებობაში გვქონდეს დამოუკიდებელი აზრი, გვინდა, რომ ვისწრაფოდეთ უკეთესისკენ და ვიცოდეთ, რომ რუსეთი არის ციხე! განსაკუთრებით კი თაობისთვის, რომელსაც წარმოვადგენთ ჩვენ! დღევანდელი დღე ჩვენი გადასარჩენია, სენაკას თანახმად, როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, ისე უბედურება-ადამიანს. სამწუხაროდ, უბედურება ძალიან ახლოსაა და სწორედ ახლა გვაქვს გამოცდის დრო!
საბოლოოდ, ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას, ვიდგეთ ქვეყნის გადასარჩენ ბრძოლაში, უფლებას არ მივცემთ რუსეთს, მოგვისპოს მომავალი, რომლისთვისაც სიკვდილამდე იბრძოდნენ!
Scientia Potentia Est-ცოდნა ძალააო, ამბობს ჩვენი უნივერსიტეტი, ჰოდა ჩვენი ისტორიის ცოდნითა და უტყუარი ფაქტებით, რასაც ევროპული მომავალი გვთავაზობს, წინ!
ძალა ერთობაშია!" - აცხადებენ სტუდენტები.