logo
ENG



ლექტორი, რომელმაც ივანიშვილის ცოლს მიმართა, ამბობს, რომ გამაფრთხილებელი ზარები მიიღო

15 მაი 202418:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/qix4uujcvvwsm5n.jpg

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, როსტომ ცხვედიანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფორმულას ეთერიდან ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკა ხვედელიძეს მიმართა, ამბობს, რომ გამაფრთხილებელი ზარები მიიღო. 

"ჩემი აზრით, ძალიან მოზომილი გამოსვლა მქონდა და არავითარ შემთხვევაში არ ვიმსახურებდი მაგისთვის საყვედურს. იყო ბევრი უსიამოვნო ზარი, ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მაგრამ რომ არ მოველოდი, ისეთი შეფასება ჰპოვა ჩემმა გამოსვლამ, რა ძალა გაგდია, თავს გაუფრთხილდი. 76 წლის კაცი ვარ, რითი  უნდა შემაშინონ. ჩემი ცხოვრება დავამთავრე, მე ის მტკივა და იმით ვარ ყველაზე უფრო დათრგუნული, რომ ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გვეცლება. ქვეყანა იღუპება და თითქოს ვერაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა ცხვედიანმა ფორმულას ეთერში. 

მისივე თქმით, მიიღო ორი ანანიმური ზარიც. კითხვაზე, თუ რა შინაარსის იყო სატელეფონო საუბრები, ცხვედიანი ამბობს:

"თავს გაუფრთხილდი, რა ძალა გადგია, ხომ იცი, რაც შეიძლება მოხდეს". 

13 მაისს ფორმულას ეთერში როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის ცოლს ამ სიტყვებით მიმართა: 

"ეკა, მე მაქვს უფლება, ასე მოგმართო, მოგმართავ ასე, იმიტომ, რომ ხელში აყვანილი მყავხარ ბავშვობაში ნატარები, შენც და ირმაც, შენი უფროსი და [...] მე შენი სიყვარული მალაპარაკებს, არ მაქვს უფლება, რომ არ მიყვარდე, იმიტომ, რომ ფედია ხვედელიძის პირველი მანქანის ნომერი მახსოვს [...] ახლობელი ვარ შენი, შვილო. შეიძლება თქვა, რატომ არ მოხვედიო, იმიტომ არ მოვედი, რომ არ მჭირდებოდა, მათხოვარი არასდროს ვყოფილვარ. დღეს კი, საისტორიო ფორტუნამ, ეკა, შვილო, შენ მოგანიჭა საშუალება, მოგცა უფლება, რომ საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრო ისეთი ადგილი, როგორიც ბევრმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა [...] მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე  მეტად. ხომ ხედავ, შვილო, ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს და თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე [...] გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები".


close დახურვა