logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რუსული მეჩეჩი და მეკობრე კაპიტანი

15 მაი 202421:00
3 წუთის საკითხავი
 

ევროპისკენ დაძრული საქართველოს გემი ივანიშვილმა და ოცნებამ რუსულ მეჩეჩზე შემოსვა. ყველაზე დიდი ტანკერი - ამერიკული დროშით, შედარებით მცირე, მაგრამ დიდი რაოდენობით ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების ხომალდები მანამდეც ნიშანს გვაძლევდნენ, გვაფრთხილებდნენ რომ საწინააღმდეგო მიმართულებით დავიწყეთ მანევრირება და კურსს ვკარგავდით, ახლაც ჩვენს გარშემო არიან, ლამის ბუქსირზე აგვიყვანონ და მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე ნავსაყუდელში მათივე ძალისხმევით შეგვიყვანონ.. ერთადერთს გვთხოვენ - საჭე გავასწოროთ და გეოპოლიტიკურ ზურგის ქარს მივყვეთ, მაგრამ საქართველოს ხომალდის მართვა შინაურების ფორმაში გამოწყობილმა მეკობრეებმა იგდეს ხელთ. მძევლად ქცეული ხალხითა და ხომალდით თან გამოსასყიდზე ვაჭრობენ, თან რუსული მეჩეჩიდან მსოფლიოს მთავარი მეკობრის ჭაობად ქცეული პორტისკენ მიგვაცურებენ.

რუსული კანონი მესამე მოსმენით მიღებულია… გუშინ საქართველოს პარლამენტში გაფორმდა მოღალატეობრივი აქტი, რომლითაც ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირების მზაკვრული გეგმის სრული გამჭვირვალობა მოახდინა, დაარღვია კონსტიტუცია, წავიდა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესების წინააღმდეგ და საკუთარი თავი არალეგიტიმურად გამოაცხადა.

საქართველოში საგანგებოდ ჩამოსულმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის შოკირებულმა და გაოგნებულმა მოადგილემ, რომელთან შეხვედრაზეც ივანიშვილმა ვითომდა გლობალური ომის პარტიის მხრიდან მისი 2 მილიარდის მითვისების გამო განაცხადა უარი, გარკვევით გვითხრა: ოლიგარქი და მისი გარემოცვა კონსპირაციულ თეორიებშია გახლართული; საკუთარ ფინანსურ ინტერესებს სახელმწიფოსა და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს; და კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გარეშე საბოლოოდ მიღების, ძალადობისა და დასავლეთის მისამართით მტრული რიტორიკის გაგრძელების შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირებს და მათ ოჯახის წევრებს ამერიკული სანქციებით "დააჯილდოებს".

დასავლური სანქციების თავიდან აცილებასა და საპროტესტო მუხტის დაგდებას ოცნება კანონის შელამაზება-გაპატიოსნების მზაობითა და უკანდახევის ილუზიის შექმნით ცდილობს. თუმცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მსგავსი მანიპულაციის სივრცე დღევანდელი განცხადებით ბოლომდე ჩაკეტა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა რომ რეპრესიული რუსული კანონი, რომელიც საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტას, არასამთავრობო სექტორის, კრიტიკული მედიის, ოპოზიციის - საბოლოო ჯამში კი, თავისუფალი სივრცის განადგურებას ისახავს მიზნად, გაკეთილშობილებასა და გაევროპელებას არ ექვემდებარება. ანალოგიური გზავნილი მივიღეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ისევე როგორც ევროკავშირის უმაღლესი კომისრისა და ევროკომისიისგანაც.

მყისიერად და სწორად რეაგირებს ოპოზიციაც. ბოიკოტი პარლამენტს და უალტერნატივო ერთიანობა საქართველოს დასავლური კურსის გადასარჩენად. ნაცმოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ახალი, გირჩი, დროა თუ ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარტიულ ინტერესები უკანა პლანზე გადაწიონ, ევროპული დროშისა და დღის წესრიგის ქვეშ გაერთიანდნენ და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ გუშინდლის შემდეგ უკვე არალეგიტიმურად მონათლულ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. საპროტესტო მუხტი, მისი მასშტაბები და გეოგრაფია კი დღითიდღე იზრდება, ძლიერდება, ფართოვდება და სულ მალე დიდი ალბათობით ეროვნული დაუმორჩილებლობის სახეს მიიღებს.

ივანიშვილს კი კარგი არჩევანი, ფაქტობრივად, აღარ აქვს. მან ან ახლა უნდა დაიხიოს უკან, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და არჩევნებში მარცხისთვის მოემზადოს, რითაც საერთაშორისო სანქციებთან ერთად შესაძლოა ხალხის აგრესიაც შეაჩეროს. ან გააგრძელოს ძალადობრივი რეპრესიების გზა, მიიღოს რუსული კანონი. რის შემდეგაც ის ამერიკული და ევროპული შეზღუდვებისა და ქართველი ხალხის უკიდურესი ბრაზის ორმაგ წნეხში აღმოჩნდება და საბოლოოდ გახდება კრემლის მძევალი, რომელთაც პუტინი როგორ ექცევა და რა ბედი ელით, ოლიგარქმა წესით ჩვენზე უკეთ უნდა იცოდეს.

 


close დახურვა