logo
ENG



შსს სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვას გეგმავს - გამოცხადდა ტენდერი

16 მაი 202412:40
3 წუთის საკითხავი
 
ზაქარია მურმანიშვილი/ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შსს 2 ავტობუსის და 11 მიკროავტობუსის შეძენას აპირებს. 

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამარტივებული შესყიდვით, განსაკუთრებულ დავალებათა და პოლიციის დეპარტამენტისთვის 13 ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვა აქვს დაგეგმილი. უწყება ამტკიცებს, რომ ამის "გადაუდებელი აუცილებლობაა".

დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმება 31 მაისის ჩათვლით უნდა მოხდეს. შესყიდვის ღირებულება - 1 814 521 ლარია. 

შსს ამტკიცებს, რომ ტრანსპორტის შეძენის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან პატრულირებაა, კერძოდ, უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს კონკრეტული შესყიდვა კონფლიქტის ზონებში ბლოკსაგუშაგოებში თანამშრომლების გადასაყვანად სჭირდებათ. 

"როგორც დამკვეთი სამსახური განმარტავს, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია კონფლიქტურ ზონაში არსებული ბლოკსაგუშაგოებზე პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და მონიტორინგისთვის, ასევე მათი ლოჯისტიკური მხარდაჭერის გასაძლიერებლად, ხოლო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები განკუთვნილია საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თანამშრომელთა გადასაყვანად და მონიტორინგისთვის", - ნათქვამია შს მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის პატაკში, რომელიც შესყიდვის დოკუმენტებს არის მიბმული.

ამასთან, მინისტრის მოადგილე პატაკში ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი ძველია და საჭიროა მისი განახლება.

"შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რიცხოვნობა აღემატება 4 700 მომსახურეს, მოცემული დანაყოფის პარკი საკმაოდ ძველია, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ავტოპარკის განახლების შესახებ", - ნათქვამია მინისტრის მოადგილის პატაკში.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს დაგეგმილია 45 ახალი სატრანსპორტო საშუალების შეძენაც, რომლის ტენდერიც უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს. 


close დახურვა