logo
ENG



პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის ვეტოს მომდევნო სასესიო კვირაში დაძლევენ

20 მაი 202412:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ.

მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო პარლამენტში უკვე შესულია - დღეს ის ბიუროს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც განსახილველად გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მომდევნო კვირაში კი პლენარულ სხდომაზე მას დაძლევენ.

ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა კანონზე ვეტოს დადებით ჩაკეტა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაძლო დისკუსიების სივრცე.

"ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ აისახოს ეს კანონში და ვხედავდით ჩვენ მზაობას ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისგან და სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა. [...] არ ვიცი საიდან რა დავალებებს იღებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი შინაარსობრივი მსჯელობის იმედი და ნაპერწკალი გამოჩნდა, იმავე მომენტში ჩაკეტა წინსწრებით სალომე ზურაბიშვილმა. ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვისი დავალებით მოქმედებს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მან კვლავ გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ პრეზიდენტი "კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა".

"ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ და ის კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია, დასცინის ქართველ ხალხს 1 დღიანი კანონი უნდა მივიღოთო, ეს ხომ დაცინვაა ქართველი ხალხის. კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. [...] ეს კანონი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია და ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ამ კანონის ქართულობას", - თქვა მან.


close დახურვა