logo
ENG



TI: ილია შამუგიამ 1.3 მლნ ლარიანი ბინა ნახევარ ფასში იყიდა, დეკლარაციაში ნაკლები მიუთითა

23 მაი 202411:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/42lg4rqglqukcwb.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ილია შამუგიამ 2023 წლის ოქტომბერში ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში კი უფრო ნაკლები თანხა მიუთითა.

კერძოდ, TI-ში ამბობენ, რომ მის მიერ თბილისი გარდენსის კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ანალოგიური ბინები, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია (512 000 აშშ დოლარი), ილია შამუგიამ კი ბინა 283 000 აშშ დოლარად შეიძინა.

ორგანიზაციის ცნობით, ილია შამუგიამ, არასრული და არასწორი ინფორმაცია შეიტანა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს წარადგინა. კერძოდ, TI-ში ამბობენ, რომ ილია შამუგიამ დაარღვია:

დარღვევა I: ილია შამუგიამ თბილისი გარდენსის კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ღირებულებად 226 400 აშშ დოლარი მიუთითა, მაშინ როცა ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მან 283 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

დარღვევა II: დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული ინფორმაცია უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, დეკლარაციაში არსად ჩანს ის 56 600 აშშ დოლარი, რაც კონტრაქტის მიხედვით, მან ბინის შესაძენად დამატებით გადაიხადა. ილია შამუგიას დეკლარირებული შემოსავალი არ უნდა ყოფილიყო საკმარისი ამ ხარჯის გასაწევად.

დარღვევა III: ილია შამუგიამ სრულად არ გაასაჯაროვა მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები, კერძოდ მან არ მიუთითა „თი ბი სი ბანკში“ არსებული ანგარიშები უცხოურ ვალუტაში. დეკლარირებული ინფორმაციით, მას საბანკო ანგარიშებზე ჯამში 20 ლარი აქვს განთავსებული.

ამასთან, TI წერს, რომ TV პირველის ეთერში გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი ილია შამუგიას და მისი ოჯახის რუსეთთან კავშირებზე.

"შამუგიას ოჯახის წევრებს რუსეთ/საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და ამასთან, რუსეთიდან ნავთობის იმპორტითაც იყვნენ დაკავებულები. როგორც ირკვევა, 2017 წლის თებერვლამდე ილია შამუგია რუსეთში ფეხბურთელი იყო. ცესკო-ს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ილია შამუგია მხოლოდ 2017 თებერვალში რეგისტრირდება და მუშაობას იწყებს საქართველოს პარლამენტში", - აცხადებენ TI-ში.

ორგანიზაციის ცნობით, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ილია შამუგიას ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ (სულ მცირე, განათლება და სამუშაო გამოცდილება).

TI მოუწოდებს:

  • ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ილია შამუგიას დეკლარაცია და იმოქმედოს კანონის შესაბამისად;
  • მთავრობის ადმინისტრაციას გაასაჯაროოს კანონით დადგენილი ინფორმაცია ილია შამუგიას განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

close დახურვა