ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე 28 მაისს დაძლევს.
მისი თქმით, 27 მაისს იქნება კომიტეტის, 28 მაისს კი პლენარული სხდომა, სადაც "მარტივად იქნება დაძლეული ვეტო".
"27-ში იქნება კომიტეტი და 28-ში იქნება პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება ძალიან მარტივად. მარტივად და სამართლიანად", - ამბობს სოზარ სუბარი.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.