იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნება აპირებს, საკითხს საბოლოოდ კენჭი ხვალ, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე უყაროს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ. მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა.
"ეს სამწუხარო ფურცლად შევა პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით, დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე უნდა წარმოადგინონ საკითხი შინაარსობრივი განხილვის გარეშე. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მიგვინდია. მქსიმალურად კორექტული ვიყავით. მობრძანდა პრეზიდენტის წარმომადგენელი და იკადრა უკადრებელი", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კენჭისყრის დაწყებამდე.
კომიტეტზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ დეპუტატებს, ვეტო არ დაძლიონ.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.