logo
ENG



საგარეო: საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას დღეიდან შეძლებენ

28 მაი 202411:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/l4xkiyegc099th3.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 28 მაისიდან ძალაში შედის ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ შესვლასა და ერთჯერადად 30 დღე ყოფნას შეძლებენ.  

"გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა. შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა", - წერს საგარეო. 

უწყების ცნობით, ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: 

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე;
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური და მობილური პლატფორმით სარგებლობა. 
  • ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული გადახდის სისტემები - Alipay, WeChat Pay. ამასთან, WeChat Pay-ზე ელექტრონული საფულის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ჩინური საბანკო ბარათით. ხოლო Alipay-ს შევსება შესაძლებელია ნებისმიერი უცხოური ბარათითაც; 
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება ჩინური კანონმდებლობის ნორმებს. საქართველოს საკონსულო სამსახური მოქალაქეს დახმარებას უწევს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრძალულია სამხედრო, სამთავრობო და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან.

საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლებაზე შეთანხმებას ხელი 2024 წლის 10 აპრილს მოეწერა. 

მას ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა მოაწერეს. 

 


close დახურვა