logo
ENG



პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა

03 ივნ 202411:11
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

პაპუაშვილის თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება. 

"დღეს ხელი მოვაწერე კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის გამტკიცებაა. [...]

რაც შეეხება პროცედურებს - დღეს მოვაწერე ხელი, ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება, იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდენ ამ პორტალში და შემდეგ დაადეკლარირიონ 2023 წლის ფინანსები. კანონი ამოქმედდება ხვალიდანვე, თუმცა ვალდებულება რეგისტრაციის წარმოიშობა ხვალიდან 60 დღეში, რაც უწევს დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან", - თქვა პაპუაშვილმა.

არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს. მან უარი თქვა, კანონი მუხლობრივად განეხილა. 

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. 

კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".


close დახურვა