შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის უსაფრთხოების დაცვაში მონაწილეობისთვის რამდენიმე პოლიციელს გადაამზადებენ.
როგორც უწყებაში ამბობენ, მიმდინარე წლის 8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი გაემგზავრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.
"კურსის დასრულების შემდეგ, ისინი გადანაწილდებიან აეროპორტებში, ასევე, რკინიგზის სადგურებში და გერმანული პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დაეხმარებიან.
10 ივნისს ფუნქციონირებას იწყებს ევროპის ჩემპიონატის დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება გერმანიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნოისში. [...]
აღნიშნულ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარდგენილნი იქნებიან სამინისტროს ადმინისტრაციის სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველოს ორი თანამშრომელი, ხოლო მობილურ ჯგუფად, სტადიონებსა და გულშემატკივართა შეკრების ადგილებში სამუშაოდ სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი წარმომადგენელი.
აღნიშნული თანამშრომლები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრებიან 2024 წლის 9 ივნისს", - აღნიშნულია სამინისტრო განცხადებაში.