პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს - თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს დელუქს დეველოპმენტი და შპს დემაქს გოთუა დააფუძნეს.
"აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა", - ამბობენ პროკურაატურაში.
ხსენებული სქემით, ბრალდებულები 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 10 108 695 ლარს დაეუფლნენ.