logo
ENG



RFE/RL: სანქციები, უვიზოს შეჩერება - რას განიხილავს EU საქართველოში ვითარების საპასუხოდ

15 ივნ 202412:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/cccbdsdstuokqwx.jpg

ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.

დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. მასში საუბარია პერსონალურ სანქციებზე, ფინანსური დახმარების შეწყვეტასა და უკიდურეს შემტხევვაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე.

დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.

დოკუმენტი მოიცავს, როგორც მოკლევადიან ზომებს, ასევე ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდაგს, თუ მომავალში საქართველოში არსებული ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

მოკლევადიანი ზომები ითვალისწინებს: 

  • ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან)
  • ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა
  • ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას)
  • ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას

დოკუმენტში საუბარია უფრო მძიმე ზომებზეც, რაც შესაძლოა სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში იქნას მიღებული. "მძიმე ზომების" სახით მოყვანილია "მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა" და მეორე მხრივ, "მნიშვნელოვანი დარღვევები საარჩევნო პროცესში".

უფრო მძიმე ზომები ითვალისწინებს:

  • წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ;
  • შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;
  • პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;
  • ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;
  • საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.

რადიო თავისუფლება წერს, რომ სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში დოკუმენტი განიხილავს პოტენციურ ზომებს სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების კუთხით. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი განიხილავს ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია აცნობიერებს,  უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პროევროპული განწყობისაა. ამდენად, კომისიის აზრით, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.

ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს შემოდგომაზე, ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას.

დოკუმენტის თანახმად, შემზღუდავი ზომების მიღება შესაძლებელია "არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო პროცესისას სერიოზული დარღვევების შემთხვევაში". იქამდე კი ევროკავშირი გეგმავს:

  • გააძლიეროს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია “მრავალი დამკვირვებლის” უზრუნველყოფით
  • ამომრჩეველთა განათლებასა და წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროექტების მხარდაჭერას “ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის” მხარდაჭერით
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო შესაძლებლობების მხარდაჭერის გაძლიერებით

close დახურვა