საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა.
კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს შანსი 30%-მდეა.
"რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას და შანსებს, კანონის ინიცირებამდე მოლაპარაკებების გახსნის შანსი იყო ნული, ამ ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევდა ჩვენ ის შეხვედრები, რომლებიც იმართებოდა ევროკავშირის კონკრეტულ წარმომადგენლებთან, დღეს ეს შანსი, კანონის მიღების შემდეგ, გაზრდილია დაახლოებით 20-30%-მდე, ეს არის დღევანდელი მოცემულობა", - თქვა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, რის საფუძველზე ამბობს ამას, როცა დასავლელი პარტნიორები საპირისპიროს აცხადებენ, კობახიძე პასუხობს, რომ "ერთია განცხადებები, მეორე - შედეგი".
"ეს ხომ პოლიტიკაა - ერთია განცხადებები და მეორეა შედეგი. 2023 წელსაც იყო განსხვავებული განცხადებები, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ სადაც პრინციპულად დადგები, იქ შედეგსაც მიიღებ", - თქვა მან.
გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა, რომ მოლაპარაკებების გახსნას "ოპოზიციამ ფასი დაუკარგა".