logo
ENG



გირჩი/დროა ელჩების განცხადებაზე: ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე

19 ივნ 202418:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/kere9z8gqy2v1zg.jpg

გირჩი/დროა აშშ-ის, ევროკავშირისა და ესტონეთის ელჩების დღევანდელ განცხადებებს ეხმაურებიან, სადაც ქართული ოცნების მიერ დასავლური კურსიდან გადახვევასა და იმ შედეგებზე იყო საუბარი, რაც მას შეიძლება მოჰყვეს.

პარტიები წერენ, რომ ოცნება ცდილობს სანქციების თემა, კონკრეტულად მისი წევრებისთვის სამგზავრო შეზღუდვების დაწესებისა და მათი მოგზაურობა-არ მოგზაურობის დონემდე დაიყვანოს. მათივე თქმით, ცდილობენ გააუბრალოოს ის საფრთხე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და რა თავად მმართველ პარტიას ემუქრება, გაცილებით დიდი მასშტაბების სანქციებისა და სხვა ტიპის შეზღუდვების სახით.

"პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებმა დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე განხორციელებული აქვს სანქციების პირველი პაკეტი, ხოლო შემდგომი ნაბიჯები არ შემოიფარგლება მხოლოდ პერსონალური სავიზო შეზღუდვებით, იქნება ფინანსური სანქციებიც. თუმცა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ხელისუფლების ძირგამომთხრელი საქმიანობისა და ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო, საქართველოს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით შეუჩერდეს დახმარებები.

აშშ-ის ელჩმა დანიგანმა, ხაზი გაუსვა, რომ მათი დახმარების უდიდესი ნაწილი იხარჯება პირდაპირ ხელისუფლების, სამინისტროების და სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერასა თუ განვითარებაზე. ასობით მილიონია დახარჯული განათლების, მედიცინის, თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით. სწორედ ეს ყველაფერი დგას რისკის ქვეშ, როდესაც ელჩი ამბობს, რომ "ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს", - წერს გირჩი/დროა.

მათივე თქმით, ევროპული კავშირის მომავალი მინისტრების სხდომაზეც 3 ვარიანტი განიხილება და ის უახლოეს დღეებში გაიმართება.

"ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩები წუხილს გამოთქვამენ, რომ შედეგები, რაც ქართული ოცნების ნაბიჯებს მოჰყვება, საკმაოდ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისთვისაც.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა დევს სასწორზე. ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე - ან საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ან უკან, საბჭოთა კავშირში! არჩევანი ძალიან მარტივია!", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა