logo
ENG



"საქართველოს აშორებს EU-ს"- სასამართლოს გუშაგი უზენაესის არჩეულ მოსამართლეებზე

27 ივნ 202413:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/tq2j8ubor82ygs6.png

სასამართლოს გუშაგი დღეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის არჩევაზე განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური როლისა და სტატუსის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი კადრებით.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის დასკვნის თანახმად, კეთილსინდისიერების შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და სასამართლოების თავმჯდომარეებს. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, არამედ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას"- ნათქვამია განცხადებაში.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლო შედგება 28 მოსამართლისგან. დღეს არჩეული სამი მოსამართლის ჩათვლით, საკასაციო ინსტანციაში უკვე 27 უვადო მოსამართლეა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე - ნინო ქადაგიძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, თამარ ზამბახიძე, ქეთევან ცინცაძე, ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, მირანდა ერემაძე, ნუგზარ სხირტლაძე (ამავე პერიოდში არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ გასული წლის ბოლოს მოსამართლის თანამდებობა დატოვა); ხოლო 2021 წელს 11 მოსამართლე - რევაზ ნადარაია, ლევან თევზაძე, გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე, ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე, გიორგი გოგიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი, ამირან ძაბუნიძე, ნინო სანდოძე და ლაშა ქოჩიაშვილი - აირჩია.

სასამართლოს გუშაგი დღეს არჩეულ მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს: 

  • 2023 წლის დეკემბერში ალექსანდრე წულაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა მოსამართლის 2024 წლის 24 იანვარს სამ ვაკანსიაზე გამოაცხადა. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში ვადით არჩეული მოსამართლეების ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა მათი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო (ორივე მათგანს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ოქტომბერში ეწურება).
  • მოსამართლეობის მსურველთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე პერიოდი განსაზღვრა. შევსებული განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 18 პირი კანდიდატად დაარეგისტრირა და მათი სია ავტობიოგრაფიებთან ერთად გამოაქვეყნა. მოგვიანებით კანდიდატების სიას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან აფილირებული ერთ-ერთი პირი, ხატია ჯავახიშვილი გამოაკლდა. რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი პაატა სილაგაძე და ბადრი შონია, რომლებმაც 2024 წლის მარტში საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვეს.
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მარტსა და აპრილში მიმდინარეობდა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 21 მაისის განკარგულებით პარლამენტისთვის კანდიდატთა წარდგენის მიზნით შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ ბადრი შონია, გიზო უბილავა და გოჩა ჯეირანაშვილი. 30 მაისის სხდომაზე კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი თითოეული მათგანის პარლამენტისთვის წარდგენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად.
  • კანდიდატების საჯარო მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 20 ივნისს გაიმართა, რომელშიც  სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გასაუბრების დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამივე კანდიდატს: გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა.

close დახურვა