logo
ENG



ევროპული საბჭო ოცნებას: განმარტეთ განზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის EU-სკენ გზას

28 ივნ 202409:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/28/23gdzniqfu471tk.jpg

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

ევროპული საბჭოს აზრით, რუსული კანონი კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებული ნაბიჯების უკანდახევაა. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტოს საკუთარი განზრახვები, შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედებების კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და რომელიც დე ფაქტო აჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს, რომ საქართველოში შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები. 

"იმ ღირებულებების და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც ევროკავშირი დგას, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც გაერთიანებაში გაწევრიანება სურს.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ  საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი იმეორებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველ ხალხთან და მზადყოფნას განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე", - წერია განცხადებაში.


close დახურვა