logo
ENG



ვოლსკის თქმით, მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი არ მიიწვია

02 ივლ 202418:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/upthdcuazegrhwl.jpg

უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის თქმით, ქართულმა ოცნებამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია.

"არ მიგვაჩნია ჩვენ, ორგანიზატორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც საქართველოში გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა, პირიქით, თავის ყველა ქმედებით ცდილობს, როგორმე დაყოს, დაუპირისპიროს, მათ შორის ახალგაზრდები ერთმანეთს და ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ფიცის დადების დროს ისეთი რადიკალიზაცია შემოიტანოს საზოგადოებაში, რომელიც წინააღმდეგ არის მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესის და აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომ არ დაეპატიჟებინა სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე", - თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან. 

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს - პერსონალსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

ფორმულამ სცადა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაზუსტება, სად გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, თუმცა ადმინისტრაციის პრესსამსახურში დამატებითი კომენტარი არ გააკეთეს. 

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

პრეზიდენტმა დაჯილდოების განკარგულება მაისში გამოსცა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიის გამართვა სექტემბერში, ნაკრების მორიგი შეკრების დროს იყო დაგეგმილი.

განკარგულების თანახმად, ჯილდო გადაეცემათ არა მხოლოდ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში მოხვდნენ, არამედ ფედერაციის წარმომადგენლებსა და ნაკრების პერსონალს.


close დახურვა