logo
ENG



პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები დააჯილდოვა

02 ივლ 202423:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/lp4gkivzvjgp2k4.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები, პერსონალი და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა მათ ჯილდო თავისუფლების მოედანზე ნაკრების წევრებთან შეხვედრის ღონისძიებაზე გადასცა. 

ჯილდოს გადაცემამდე პრეზიდენტმა ნაკრების წევრებსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

"სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა, გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის და მე მინდა, რომ თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რამეთუ ეს ჯილდო არის მთავრობის, პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ გზა მათი გამარჯვების იყოს უსასრულო", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები გადასცა ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

პრეზიდენტმა დაჯილდოების განკარგულება მაისში გამოსცა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიის გამართვა სექტემბერში, ნაკრების მორიგი შეკრების დროს იყო დაგეგმილი.

განკარგულების თანახმად, ჯილდო გადაეცათ არა მხოლოდ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში მოხვდნენ, არამედ ფედერაციის წარმომადგენლებსა და ნაკრების პერსონალს.


close დახურვა