logo
ENG



თავდაცვა: სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა

04 ივლ 202409:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/04/cxo7hxeqpa4im7i.png

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულდა, ტერიტორია დატოვეს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.

სამინისტროს თანახმად, შესაბამისი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა, ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობი მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება და შედეგად, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

"იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები.

დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.

მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, გრძელდება საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები გენერალური პროკურატურის ზედამხედველობით. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 401-ე მუხლით", - აცხადებენ სამინისტროში. 

2 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სუ-25-ის ტიპის საფრენმა აპარატი კატასტროფა განიცადა.

დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.


close დახურვა