logo
ENG



ბოკუჩავა: ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია

05 ივლ 202412:50
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ დეკლარაციაზე ისაუბრა, რომელიც მათ შორის, საქართველოს ეხება და რომელსაც ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა.

თინა ბოკუჩავამ რეზოლუციის შინაარსზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - ევროპის სახალხო პარტიამ და აშშ-ის წარმომადგენლებმა.

თინა ბოკუჩავას თქმით, რეზოლუციაში ერთ-ერთი მოთხოვნაა 26 ოქტომბრის სამართლიანი არჩევნები. ის აღნიშნავს, რომ ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბუქარესტში ივანიშვილის პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს ბუქარესტის დეკლარაციას, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოითხოვს რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედება, რომელიც ივანიშვილის პარტიის წევრებმა დააფიქსირეს ღია კენჭისყრაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუქარესტში.

+ამასთანავე, ამ საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრე ჯგუფის რეზოლუცია, სადაც მათ შორის შედის აშშ-ის დელეგაცია სხვა ევროპული ქვეყნების დელეგაციებთან ერთად. მოგეხსენებათ, ევროპის სახალხო პარტიამ ბოლო არჩევნების შედეგად შეინარჩუნა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური ოჯახის სტატუსი და მათ შორის, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში.

რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა ბუქარესტში მოწოდებაა ხელისუფლებაზე, გააუქმოს რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, შეწყვიტოს ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აქ ხაზგასმულია, რომ ამგვარი მოთხოვნა ფიქსირდება არაერთ სხვა საერთაშორისო რეზოლუციაში და ამ მოთხოვნას აფიქსირებს კიდევ ერთხელ ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი. [...]

რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები და მინდა გითხრათ, რომ ბუქარესტის სესიის მთავარი აქცენტი იყო სწორედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა, იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტია რომელიც მოხსენიებულია, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია ქართველი ხალხის ევროპული ნების წინააღმდეგ, მან ვერ შეძლოს დარღვევებით ვერც ერთი ხმის მიტაცება და რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა საარჩევნო შედეგზე.

ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ იყოს მაქსიმალური მობილიზაცია და ამ არჩევნებზე იქნება უპრეცედენტოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი 26 ოქტომბერს", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

ბუქარესტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც საუბარი საქართველოსაც ეხება. კრიტიკულ დეკლარაციას ხელი ქართული ოცნების დეპუტატებმა არ მოაწერეს. 


close დახურვა