logo
ENG



"აირჩიე ევროპა" - დაფუძნდა მოძრაობა, რომელიც არჩევნებამდე 100-დღიან კამპანიას ჩაატარებს

11 ივლ 202415:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/y7w2lbz832icukh.jpg

დაფუძნდა სამოქალაქო მოძრაობა "აირჩიე ევროპა", რომელიც 100-დღიან საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს.

კამპანია 18 ივლისს დაიწყება და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - ხელოვანები, ექიმები, რეჟისორები, ბიზნესმენები და ა.შ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქვეყნის ევროპული მომავლის და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ორგანიზატორების თქმით, კამპანია ჩატარდება მთელ საქართველოსა და ქართულ ემიგრაციაში - მიზანი ევროპული მომავლის გასამარჯვებლად პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზებაა.

"დღეს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე უარს ამბობს, ესე იგი უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი. ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას.

ჩვენი მოძრაობა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება. შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ნატოს სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან პარტნიორობაზე აღარაა საუბარი. ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დღემდე დგას ქართული სახელმწიფო...

ჩვენი ვალია ევროპული აწმყო შევქმნათ აქ და დავაბრუნოთ ევროპული მომავლისთვის საქართველოდან გადახვეწილი ქართული ოჯახები. ევროპული არჩევანის გასამარჯვებლად მთავარი მიზანი პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა. 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე ახალი ერთობა მთელ საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში გაშლის კამპანიას 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები ათასობით ქართველი, ხელოვანები, რეჟისორები, მუსიკოსები, მხატვრები, მეცნიერები, რკინიგზელები, ენერგეტიკოსები, ექიმები, პედაგოგები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები.

ჩვენი ერთობა ღიაა ყველასთვის, ვინც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უჭერს მხარს, მოდით, მოიტანეთ თქვენი იდეები, გავაერთიანოთ ძალისხმევა და ერთობით გავიმარჯვოთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის"- თქვა მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხათუნა ლაგაზიძემ.


close დახურვა