logo
ENG



"რუსული კლუბი" შეკვეთილში პედაგოგებსა და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებს

13 ივლ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/13/ycc2ezr3serb14e.jpg

შეკვეთილში "რუსული კლუბი" ქართველი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, სემინარს, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო) აფინანსებს. სააგენტოს სემინარის შესახებ ინფორმაცია საიტზე აქვთ განთავსებული.

სააგენტო 2008 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა და მისი მიზანი რუსული გავლენების გაძლიერებაა. ეს ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს მითითებული.

შეკვეთილის სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა. ბათუმელებისთვის წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, შეკვეთილში მიმდინარე სემინარზე ტრენერები რუსეთის ფედერაციიდან არიან მოწვეულები. მაგალითად, ნატალია ნოვიკოვა, რუსეთის "ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის" თანამშრომელია, რომელიც 2022 წლიდან არის უკრაინის სანქციების სიაში.'

სემინარი სასტუმრო "მირაჟში" მიმდინარეობს. ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფი მივიდა და სასტუმროს მენეჯერს გაესაუბრა, რომელიც ტრენინგში პრობლემას ვერ ხედავს. იგი ადასტურებს, რომ სემინარს ქართველი პედაგოგები ესწრებიან და ის რუსული ენის სწავლების მეთოდებს ეხება. სასტუმროს მენეჯერი ასევე ადასტურებს, რომ ფულს მას "რუსული კლუბი" ურიცხავს. 

დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც ბათუმელებმა მოიპოვა, სემინარში მასწავლებლების გარდა უნივერსიტეტების, იუსტიციის სახლის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ. ამ გეგმის მიხედვით, სემინარი 14 ივლისს უნდა დასრულდეს გალა-საღამოთი, სადაც იქნებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.


close დახურვა