logo
ENG



POLITICO: 63 ევროპარლამენტარი უნგრეთისთვის EU-ში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითხოვს

16 ივლ 202416:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/odz8gq9oywpgqfa.jpg

63 ევროპარლამენტარი ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც გამოცემა POLITICO-მ მოიპოვა.

ევროპარლამენტარები ამ მოთხოვნით მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას.

ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა "უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი ევროკავშირის თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენების გამო".

უნგრეთი ივლისში ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე როტაციის წესით გახდა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, მის მიერ გამოცხადებული "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში, ჯერ კიევში შემდეგ კი მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში იმყოფებოდა და ავტორიზაციის გარეშე ამბობდა, რომ ევროკავშირს წარმოადგენდა.

ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ვიქტორ ორბანის ვიზიტები არ იყო შეთანხმებული ევროკავშირთან და ის იქ არ წარმოადგენდა EU-ს. ისინი ევროპარლამენტს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"საჭიროა რეალური მოქმედებები, ისეთი, როგორიცაა უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება საბჭოში, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სიტუაციის სიტყვიერად განხილვას არ აქვს არანაირი ეფექტი", - აღნიშნავენ ევროპელი დეპუტატები.

ამასთან, დღეს POLITICO-მ ევროკავშირის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკომისიამ სთხოვა კომისრებს, ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას არ დაესწრონ.


close დახურვა