კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველომ) კვლევა, კავკასიის ბარომეტრი 2024 გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია.
ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოკითხულთა მხოლოდ 4%, თურქეთს 2%, ხოლო სომხეთს - 1% ასახელებს.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ მეგობარს, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ აშშ, აზერბაიჯანს ასახელებს 8%, უკრაინას - 7%, თურქეთსა და გერმანიას - 4-4%, რუსეთს, სომხეთსა და საფრანგეთს 2-2%, ხოლო ჩინეთსა და ისრაელს - 1%.
გამოკითხულთა 26%-ის აზრით, საქართველოს მთავარი მეგობარი არცერთი ქვეყანა არაა.
კვლევის ფარგლებში, 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომელიც 2008 წლიდან სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე რეგულარულად ტარდება.