logo
ENG



სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა

22 ივლ 202417:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/22/0i3cus35pzmhqxg.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.

საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად, საქალაქო სასამართლომ 22 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. 

ამასთან, განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. 

"2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო  მ. კ-ს სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ. წ.-ის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.

ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის  ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით)  დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, მ. კ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა", - ნათქვამია განცხადებაში.

15 ივლისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, კახა წიქარიშვილი დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება. სწორედ ამიტომ ახალი კანდიდატის შერჩევა გახდა საჭირო.

ამ მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური შესარჩევი კომისია, რომელმაც კანდიდატებთან გასაუბრებები გამართა.

კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი. გასაუბრებების შემდეგ, კომისიამ განცხადებით მიმართა პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს.


close დახურვა