logo
ENG



სუს-ის მტკიცებით, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის მკვლელობას გეგმავდნენ

24 ივლ 202410:07
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ. როგორც უწყების განცხადებაში წერია, გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - წერია სუს-ის განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებს გამოკითხვაზე იბარებს. აქამდე ცნობილი არ იყო, რა საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება, ამას ემატებოდა ისიც, რომ გამოკითხვაზე მყოფებს გაუთქმელობაზე აწერინებდნენ ხელს.

23 ივლისს კი უკრაინაში მებრძოლი გელა კახაბრიშვილის გამოკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი, თუ რას იძიებდა სუს. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თქვა, კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.

სუს-ში დაბარებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე გაიზარდა. მებძოლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი დაბარება ოკუპანტი ქვეყნის დავალებით ხდება და საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთით მოქმედებს.


close დახურვა