logo
ENG



ბოკუჩავა: პარტნიორები განიხილავენ სანქციებს, ივანიშვილი კი ემისრებს აგზავნის რუსეთში, ირანში

31 ივლ 202415:16
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სენატში გამართული მოსმენის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს, ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან სანქციების განხილვის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთსა და ირანში, ასევე მათი ინფორმაციით, რუსეთში, დახურული არხებით.

მან გუშინდელი მოსმენის შეფასებისას თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააუცხოვა საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები - ამერიკა და ევროპა და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებით და ავტოკრატიული სახელმწიფოებით ჩაანაცვლა, როგორიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

"გუშინ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა აშშ-ის სენატში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ აშშ გეგმავს ფინანსურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. მან პარალელი გაავლო გლობალურ მაგნიტსკის აქტთან, რომლის საფუძველზეც სანქცირებულია პუტინის რეჟიმი და განმარტა, რომ ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება მოხდება კორუფციის და ადამიანის უფლებების გამო, რაც საბოტირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, რამაც ოფიციალურად გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს დღევანდელ პოლიტიკას ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ აქვს ორპარტიული მხარდაჭერა - დონალდ ტრამპის მხარდამჭერ რესპუბლიკელ კონგრესმენებს და სენატორებს, ისევე როგორც დემოკრატ კონგრესმენებსა და სენატორებს შორის. როცა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს განიხილავს ივანიშვილის წინააღმდეგ, თავად ივანიშვილი ემისრებს აგზავნის ჩინეთსა და ირანში და ჩვენი ინფორმაციით, დახურული არხებით ასევე რუსეთის ფედერაციაში.

როცა სენატში ირანს, ჩინეთსა და რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ბოროტების ღერძის აქტორებად მოიხსენიებენ, ივანიშვილის მთავარ პარტნიორებად სწორედ ეს აქტორები და არა აშშ და ევროპა გვევლინებიან. ამაზე მეტყველებს მათ შორის ირაკლი კობახიძის ბოლო ვიზიტი, როცა ის ესწრებოდა ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, სადაც ისმოდა შეძახილები - "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს" და სადაც თავად კობახიძე ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის ლიდერთან იყო წარმოდგენილი, რომელიც ამ ინაუგურაციის ცერემონიალიდან რამდენიმე საათში მოკლეს, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი.

ივანიშვილის ხელისუფლებამ გააუცხოვა საქართველოს ტრადიციული პარტნიორები და მეგობრები - ამერიკა და ევროპა და ისინი ტერორისტული ორგანიზაციებით და ავტოკრატიული სახელმწიფოებით ჩაანაცვლა, როგორიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ეს არის საქართველოს ტოტალური საერთაშორისო იზოლაციის მცდელობა და ევროატლანტიკური მომავლის სამუდამო დაკარგვის საფრთხე, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობა არის 26 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ქართველ ხალხს შეუძლია, რომ საკუთარი ევროატლანტიკური არჩევანით დააბრუნოს ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და საქართველოს მეგობრებად კვლავ გვევლინებოდნენ აშშ, ევროპის კავშირის ქვეყნები და არა ავტოკრატიული სახელმწიფოები, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და რუსეთის ფედერაცია", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 


close დახურვა