logo
ENG



აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს

31 ივლ 202417:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/18c30sis5u61w6a.jpg

აშშ-მა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  

ენტონი ბლინკენის თანახმად, ჩერდება ისეთი დახმარება, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს საქართველოს მთავრობისთვის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ცრუ განცხადებებზე, რომელიც შეუთავსებელია EU-სა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.

"23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები წყვეტს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებთან. სანამ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს დახმარების პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.

ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის 32 წლის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებაში, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადამზადნენ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო სფეროს პროფესიონალები. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა