logo
ENG



პროფესიული უნარების სააგენტოს თანამშრომელი "პოლიტიკური შეხედულების" გამო მოხსნაზე საუბრობს

07 აგვ 202417:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/07/erib506xl3i6aet.png

პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი კლეოპატრა ქარუმაშვილი წერს, რომ სააგენტოდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

Facebook-ის პოსტში ქარუმაშვილი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ერთი თვის წინ "თანამდებობის დატოვება ურჩია" და საუბრის დროს მისი "პოლიტიკური მოსაზრებები" ახსენა.

ქარუმაშვილმა სააგენტოს ნებით დატოვებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მისივე თქმით, სამსახურიდან "რეორგანიზაციის" მიზეზით გაუშვეს.

"2022 წელს პროფესიული უნარების სააგენტოს გუნდს შევუერთდი და ვემსახურე ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს, ყველაზე ძლიერ და პროფესიონალ გუნდთან ერთად. ამ შესაძლებლობისთვის, დაფასებისთვის, ნდობისთვის და გამოცდილებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი გუნდის ლიდერს - გელა ლომიაშვილს.

ასევე, სააგენტოს სუპერ ხელმძღვანელებს - თამარ ქიტიაშვილსა და თამარ სამხარაძეს. ზემოთ თქმულისთვის კი განსაკუთრებული მადლობა ჩემი მიმართულების მენეჯერს - დეა აბულაძეს და ჩემს საოცარ გუნდს, ამ გუნდზე განსაკუთრებული მე პირადად არსად მინახავს.

აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო კოლეჯების დირექტორების და თანამშრომლების მიმართ. მადლობა თანამშრომლობისთვის, ყოველთვის მიგულეთ თქვენს გულშემატკივრად და მეგობრად.

სააგენტოს გუნდი დღე-ღამის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, რასაც გვიდასტურებდნენ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო და თემატური აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოები. მიღწეული და აღიარებული შედეგების მიუხედავად, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 2024 წლის მარტში დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს სააგენტოს არჩეული დირექტორი - თამარ ქიტიაშვილი.

სულ მალე თანამდებობა დატოვა სააგენტოს სრულმა მენეჯმენტმა. გთავაზობთ გათავისუფლების მიზეზის ციტირებას: „იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც პირადად მე და სამინისტროს გვქონდა”.

შეგახსენებთ, რომ განხორციელების მექანიზმები თუ მთლიანი პროგრამა თანხმდებოდა სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომლის წევრი განათლების სამინისტროც არის. 1 თვის წინ კი პროფესიული უნარების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ირინა მარგიშვილმა თავს უფლება მისცა და “მირჩია” თანამდებობის დატოვება.

საუბრის დროს ახსენა ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები, სააგენტოს “რეორგანიზაციის” მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, სოციალურ ქსელში გაზიარებული კრიტიკული პოლიტიკური პოსტები და სხვის პოსტებზე რეაქციები. ასევე ახსენა, რომ აფასებს ჩემს დამოკიდებულებას და ერთგულებას საქმის მიმართ, მაგრამ, ორგანიზაციაში სჭირდება სრული ერთგულება და იმის მიუხედავად, რომ “საქმეს ვუკეთებ” ეს არ არის საკმარისი.

ნამდვილად არ მომწონდა და არ მომწონს სააგენტოში მიმდინარე უსამართლო და უადგილო ცვლილებები, არც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ღიად ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებებს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩემს საქმეს ვასრულებდი პირნათლად, ახალი გუნდის მიმართ ვიყავი თანამშრომლობითი და კოლეგიალური. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ჩემი ნებით სამსახურის დატოვება ხაზს გადაუსვამდა ჩემს სიმართლეს.

უარის თქმის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხვეს ყველაზე უნიჭო “რეორგანიზაცია” და გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა ყველა შესაძლო გზით შევეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას!

იმისთვის, რომ მეტჯერ ვეღარ გაბედონ ადამიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, უფლებების დარღვევა და საჯარო სექტორის/საბიუჯეტო ორგანიზაციების იმიჯის შელახვას"- წერს ქარუმაშვილი.


close დახურვა