logo
ENG



ენტონი ბლინკენი: აშშ მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერაში

07 აგვ 202419:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/07/ifnrp8979sbl27n.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2008 წელის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სახელმწიფო მდივანი რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. 

ენტონი ბლინკენის თანახმად, აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სწრაფვაში მტკიცეა

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თექვსმეტ წელს მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა სუვერენულ საქართველოში და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და ზეწოლას იქაურ მოსახლეობაზე, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემასა და ოჩამჩირეში, მუდმივი საზღვაო ბაზის დაარსებას.

შეერთებული შტატები მტკიცეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სწრაფვაში მტკიცეა", - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა


close დახურვა