საქართველოს პროკურატურამ 29 ივლის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ ადამიანს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია, ბრალდება დაუმძიმა.
კერძოდ ორივე მათგანს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებას გულისხმობს.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს", - წერია განცხადებაში.
ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა 9-დან 13 წლამდე ვადით ემუქრებათ.