ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართელოში ვიზიტისას მან და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, რაზეც ოლიგარქმა უარი განაცხადა.
შაჰინი აღნიშნავს, რომ ყველაფერზე დაყრდნობით რაც აქ მოისმინეს, ქვეყანაში გადაწყვეტილების ძირითადი მიმღები ოლიგარქი ივანიშვილია.
"ბატონი ივანიშვილთან შეხვედრა მოვითხოვეთ, მან უარი თქვა. მაგრამ ყველაფრის საფუძველზე რაც აქ მოვისმინეთ, იგი არის გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო საქართველომ რუსული კანონის შემოღება. მაშინ გამოვხატე ჩემი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით. მაშინ ისიც აღვნიშნე, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე. ჩვენ ახლა, სამწუხაროდ, ამას ვხედავთ მთავრობის ძალისხმევის შედეგად", - განაცხადა შაჰინმა.
იგი ასევე შეეხო რუსულ კანონს. შაჰინის თქმით, მას უჭირს იმის გაგება, რუსეთისგან ოკუპირებულ ქვეყანაში რატომ მიიღეს ისეთი კანონი, რომელიც ისევ კრემლის ქმედებებს ასახავს და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
"მინდა გითხრათ - მიჭირს ამის გაგება. იმ ქვეყანაში, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამის ფონზე კი მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს და მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. ეს არ მესმის. რასაც ჩვენ ქართველი ხალხისგან ვისმენთ, ისინი ამას [რუსულ კანონს] ეწინააღმდეგებიან. ჩვენ ვთქვით, რომ შედეგი ექნებოდა ამას [რუსული კანონის მიღებას], სწორედ ეს ხდება ახლა", - თქვა მან.