logo
ENG



შემოსავლების მტკიცებით, სიცრუეა, რომ ლარსზე აშშ-ის აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული

15 აგვ 202414:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/jaglds6khw1es4n.jpg

შემოსავლების სამსახური ირწმუნება, რომ "სიმართლეს არ შეესაბამება" ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ყაზბეგის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ის მიერ გადმოცემული აპარატურა უყურადღებოდაა მიტოვებული.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია "სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები".

"საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენო ინსპექტირების 3 სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე ,,ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის.

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის.

რაც შეეხება, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას - ამ დროისთვის სგპ „ყაზბეგში“ განთავსებულია, სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სგპ ,,ყაზბეგში“ საბაჟო კონტროლის პროცედურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი გასასვლელის მოწყობა. უკვე სრულად განახლდა ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელი, დასრულებულია ავტომობილების დასათვალიერებელი ტექნიკური მომსახურების ანგარის მოწყობა და გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი ახალი სასწორის კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების მაღალი ინტენსივობით აწონვაზე.

საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ კონტროლის/სკანირების პროცესს"- ნათქვამია განცხადებაში.

14 აგვისტოს ერთიანობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯია ჯაფარიძემ თქვა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული აპარატია გაჩერებული, მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-მა საქართველოს დახმარება შეუჩერა.


close დახურვა