პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა ოლიმპიუური გუნდის ყველა წევრს, რომელსაც პარიზში მედალი არ მოუპოვებია. ასევე პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომელიც წარმოდგენილი იყო გუნდში.
ამის შესახებ კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.
"უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ოლიმპიურ გუნდს არ ჰყავდა არცერთი ნატურალიზებული სპორტსმენი. თქვენ ხედავდით, რომ არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით. ჩვენს შემთხვევაში, მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს, კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ", - განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველო 28 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. გუნდმა კი თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა - სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებისთვის სპორტსმენს პრემიის სახით მილიონი ლარი გადაეცემა, ვერცხლის მედლის შემთხვევაში - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში - 250 ათასი ლარი.