ქართული ოცნება ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ "სამართლებრივ პროცესს", რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი "სატელიტი თუ მემკვიდრე" პარტია" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ასევე, გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონპროექტზეც და ამტკიცებენ, რომ ამ კანონის მიღება "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს კონსტიტუციურ ხარისხში აიყვანს.
ამასთან, ოცნება წერს, რომ "მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში". მმართველი პარტია კვლავ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია "გარე დავალებას შეასრულებს" და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგება.
განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას თუ ირჩევს ქართულ ოცნებას
ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება - საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.
თუმცა, ამ უშუალო ამოცანასთან ერთად, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ამოცანა, უზრუნველვყოთ საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება, რასაც ქართული ოცნების მიერ მაღალი, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ესაჭიროება.
ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ დავაზუსტოთ, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:
1) პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე, შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად. ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლების მანძილზე წარიმართებოდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე, ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა.
კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ეს არიან ის ძალები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას ახორციელებდნენ. ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახოთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის. სწორედ გარე ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ნაციონალური მოძრაობის გასასამართლებლად.
გამომდინარე უამრავი დანაშაულიდან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მას ვერ მივცემთ უფლებას, გარე დავალებების შესრულება და სახელმწიფოსთვის მუდმივი ზიანის მიყენება განაგრძოს. დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციის როლს გარედან მართული პოლიტიკოსების დანაშაულებრივი ჯგუფი - კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ასრულებს, სახელმწიფოს მუდმივად უწევს დანაღმულ ველზე სიარული, რის გამოც ქვეყნის დაკარგვის რისკი მუდმივად აქტუალური რჩება.
ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული.
მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის. ქართულ სინამდვილეში კი, ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნებას ცდილობს და მეორე მხარეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მთლიანად გარედან იმართება და სახელმწიფოს გამუდმებული მტრობით არის დაკავებული. როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამზე მეტი ვადით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს დემოკრატიულ პროცესს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში გარკვეული პერიოდულობით ერთმანეთს ხელისუფლებაში ერთმანეთზე უკეთესი პოლიტიკური ძალები უნდა ანაცვლებდნენ, რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ.
ჩვენი ვალია ქართული სახელმწიფოს წინაშე, პოლიტიკური სისტემის არაჯანსაღი მდგომარეობა სამუდამოდ შევცვალოთ და ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რაც სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.
არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ქვია. სწორედ ამიტომ, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის;
2) საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიშ სახეს იძენს. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, რომელიც მკრეხელობის, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ-პროპაგანდის ძალზე უხეშ, აღმაშფოთებელ ელემენტებს შეიცავდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება.
ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მისი ერთადერთი მიზანი ღირსებისგან, მორალისგან და ყოველგვარი იდენტობისგან ადამიანის სრული დაცლაა. ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ადამიანმა არ უნდა იცოდეს საკუთარი ფესვები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მას არ უნდა ჰქონდეს ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამოცანა ყველაზე დაბალი რანგის მონის გამოყვანაა, რომელიც მანიპულირებას იოლად დაექვემდებარება.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქართულ ოცნებას მისცემს ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს.
კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა;
3) ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთ შემთხვევაშიც გარე დავალებას შეასრულებენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად წინ აღუდგებიან. შესაბამისად, ქართულ ოცნებას ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება;
4) არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ.
ზემოაღნიშნული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას საქართველოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისათვის საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, და მეტიც - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გადაჭრაც ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას მოითხოვს. საქართველო ახლაც ომის უშუალო საფრთხის წინაშე დგას, რომლის თავიდან არიდება დღეს და ხვალ საქართველოს უპირველესი ამოცანაა. საკმარისია მცირე გადაცდომა, ერთი ფეხის გადაბრუნება და ქვეყანა შეიძლება საერთოდ დავკარგოთ, რის შემდეგაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არამედ საერთოდ არაფერს ფასი აღარ ექნება. ახლა, როდესაც რეგიონში ომი უკანასკნელ თვეებს ითვლის, ქართულ საზოგადოებას მართებს მაქსიმალური მობილიზაცია, რათა დღემდე დიდი ძალისხმევით შენარჩუნებული მშვიდობა ხელიდან არ გავუშვათ და ქვეყანას ნგრევა და განადგურება თავიდან ავაცილოთ. ახლა მთავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანა როგორმე შევინარჩუნოთ და შემდეგ, მის შეუფერხებელ განვითარებას ვეღარაფერი დაუდგება წინ.
2020 ან 2021 წელს სახლში დარჩენილ ან ოპოზიციის ამომრჩეველს რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და ქვეყანა აღარ გვექნებოდა. სამომავლოდ, ამგვარი რისკი თეორიულ დონეზეც კი აღარ უნდა დავუშვათ.
რაც უფრო დიდი იქნება ქართული ოცნების საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. რაც უფრო დიდი იქნება ქართული ოცნების საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი, დეკემბერი და მომდევნო 4 წელიწადი. რაც უფრო მეტი იქნება ქართული ოცნების მხარდაჭერა, მით უფრო ნაკლები ბარიერი შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და ეკონომიკურ განვითარებას.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა ამ არჩევებზე მშვიდობის მაქსიმალურად განმტკიცებაა, რისთვისაც თითოეული ამომრჩევლის ხმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, მანდატების რამდენ პროცენტსაც მიიღებს ქართული ოცნება, ზუსტად იმდენი პროცენტით განმტკიცდება და გამყარდება მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში.
გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს ქართული ოცნება, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და მით უფრო მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.
შესაბამისად, საჭიროა ქუდზე კაცი იმისათვის, რომ ქვეყნის დაკარგვის თეორიული რისკიც კი არ დავუშვათ და საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი პოზიციები მაქსიმალურად განიმტკიცოს. ქართული ოცნებისთვის მიცემული თითოეული ხმა ნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უფრო მტკიცე გარანტიას საქართველოსთვის.
მოვუწოდებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ", – წერია ოცნების განცხადებაში.