საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა, ახლა კი შეთავაზების ფორმულირებაზე მსჯელობენ.
"ფორმულირება არ არის მკაცრად შემოთავაზებული ან მოთხოვნილი ან რაიმე მსგავსი არ უნდა იფიქროს ვინმემ. ეს არის ძალიან კეთილგანწყობილი შემოთავაზება, რომ იმ საქმეში, რასაც ახლა სახელმწიფო მკაფიოდ აკეთებს და რასაც ეკლესია მუდმივად აკეთებდა, ესაა ტრადიციების დაცვა და ქრისტიანული ღირებულებების სიღრმისეულად გაშლა) ამას შეეწყოს ხელი. შემოგვთავაზეს, რომ გვემსჯელა ამაზე, რას ვფიქრობთ ამ თემაზე და ვმსჯელობთ. ესაა პროცესი. რა ფორმულირება იქნება, დაველოდოთ ერთი ორი დღე"- თქვა ჯაღმაიძემ.
ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებას სურს, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს, ფორმულამ 26 აგვისტოს გაავრცელა. მოგვიანებით ეს საპატრიარქოშიც დაადასტურეს.
ფორმულასთან საუბრისას საპატრიარქოს პრესასთან უფრთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მამა ლონგინოზმა სუარიშვილმა თქვა, რომ:""სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ადრე წინააღმდეგი იყო პატრიარქი, ამიტომაც შემუშავდა ის კონსტიტუციური ხელშეკრულება და იქ როგორც განისაზღვრა ეკლესიის სტატუსი, დღემდე ამ აზრის არის ეკლესია. შეიძლება იყო ეს შემოთავაზება არაოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ დონეზე ეს არ ყოფილა. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ყოფილა, თვითონ სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილები. ერთი შეხვედრა დღეს იყო, როგორც ვიცი და კიდევ აპირებენ შეხვედრას. საბოლოო დასკვნა ეკლესიას ჯერ არ უთქვამს. საკითხი განიხილეს - ეს შემოთავაზება. ალბათ როცა იქ, ყრილობაზე გაჟღერდა [მაშინ მიიღეს შემოთავაზება]. შეხვედრას სინოდის წევრები ესწრებოდნენ, ოღონდ არა სრული შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო იგივე პოზიციაზე დარჩება".
ცნობილია, რომ 2002 წლის მსგავსად, პატრიარქი ილია მეორე ამ წინადადებას ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით ამის აუცილებლობა არ დგას და ასეთი ისტორიული მომენტი ქვეყანაში არ დამდგარა.