ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, სოციალურ ქსელ X-ის (წარსულში Twitter-ის) მუშაობა ქვეყანაში დაუყოვნებლივ და სრულად უნდა შეჩერდეს. ბრაზილიაში X-ს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიხმარს.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა იმუშავებს მანამ, სანამ X ყველა მითითებას არ შეასრულებს და ყველა ჯარიმას არ გადაიხდის.
მანამდე მოსამართლე ალექსანდრ დე მორაისმა სოციალურ ქსელ X-ს 24 საათი მისცა იმისათვის, რომ ქვეყანაში საკუთარი წარმომადგენელი დაენიშნა. ეს ვადა ხუთშაბათს საღამოს ამოიწურა. მოსალოდნელია, რომ მომდევნო ერთი დღის განმავლობაში X ბრაზილიაში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. დადგენილება ბრაზილიურმა ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა აღასრულონ.
გარდა ამისა, სასამართლოს დადგენილება Apple-სა და Google-ს ეხებათ, რომლებმაც ბრაზილიაში საკუთარი ეფსთორებიდან X-ის აპლიკაცია უნდა ამოიღონ. ისინი კი, ვინც ეცდებიან X-ზე წვდომა VPN-ს საშუალებით მოიპოვონ 50 ათასი ბრაზილიური რეალით (თითქმის 9 ათასი დოლარით) დაჯარიმდებიან.
X-ის დაპირისპირება ბრაზილიის სასამართლო სისტემასთან აპრილიდან გრძელდება. მაშინ მოსამართლე მორაისმა სოციალურ ქსელს მოსთხოვა, შეეჩერებინა ათეულობით ანგარიში, რომელთაგან დიდი ნაწილი ყოფილი ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები არიან, და რომლებიც, მათი მტკიცებით, დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
როგორც X-ში აცხადებდნენ, მათ წარმომადგენელს ბრაზილიაში დაკავებით ემუქრებოდნენ. კომპანიამ თავისი წარმომადგენლობა დახურა და განაცხადა, რომ არ დაემორჩილება მითითებას, რომელსაც ცენზურას უწოდებს. ამის საპასუხოდ მოსამართლემ ახალი წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა.