logo
ENG



პროტოპრესვიტერი: შევთანხმდით ჩანაწერზე, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფოებრიობის საყრდენია

01 სექ 202415:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/6rxcb320byahxan.jpg

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ "მართლმადიდებლობა სახელმწიფოს საყრდენია".

როგორც ის ფორმულასთან აღნიშნავს, ახლა გრძელდება კონსულტაციები იმის შესახებ, თუ რომელი ტერმინი იქნება გამოყენებული - საყრდენი, საფუძველი, თუ განმსაზღვრელი, თუმცა შეთანხმება მიღწეულია იმაზე, რომ კონსტიტუციაში ეკლესიის როლი აისახება.

"მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ დავთანხმდით, არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი, ან საფუძველი ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან და ეს კონსულტაციები გაგრძელდება და აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში და თანამედროვეობაში", - ამბობს ზვიადაძე.

მისივე ინფორმაციით, 30 აგვისტოს შეხვედრა გაიმართა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საპატრიარქოს მხრიდან კი შეხვედრაზე თავად ზვიადაძე, ასევე, პატრიარქის დააყრდნე შიო მუჯირი, მთავარეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე იყვნენ.

ზვიადაძის განცხადებით, შეხვედრაზე კობახიძემ კიდევ ერთხელ შესთავაზა, "ხომ არ იქნებოდა საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი მისი სტატუსის ამაღლება, რომ მართლმადიდებლური რელიგია ყოფილიყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული".

"პრემიერი ფიქრობდა, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. მაგრამ, მიუხედავად ამგვარი, რა თქმა უნდა, პატივისცემითი დამოკიდებულებისა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მცდელობა იყო იმის, რომ ეს ყოფილიყო – საქართველოს ეკლესიისთვის თუ იქნებოდა ეს მისაღები, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მართმადებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას", - აღნიშნავს ზვიადაძე.

მისი თქმით, კობახიძეს ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია წერილობით გადაეცა, კერძოდ ის, რომ ძალაში უნდა დარჩეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ამჟამად არსებული კონსტიტუციური შეთანხმება.

"ერთმნიშვნელოვანი პოზიცია წერილობითად გადაეცა საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ ეკლესია მიიჩნევს, რომ სამართლებრივი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა და რა თქმა უნდა, ამაში ვგულისხმობთ ჩვენ სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს. არ განიხილება ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის ეს ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ ეს ძალაში უნდა დარჩეს, იმიტომ, რომ ეს არის უნიკალური მოდელი, რაზეც ეკლესია წლების განმავლობაში მუშაობდა. თუმცა ეკლესია ამავე დროს გამოხატავს პრინციპულ თანხმობას, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩანაწერი, რაც გულისხმობს რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება არის ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, ან შეიძლება განმსაზღვრელი, ან საფუძველი, ალბათ, შერჩეული იქნება საუკეთესო ტერმინი, რა უფრო მეტად გამოხატავს იმ ისტორიულ რეალობას, რაც საქართველოსთან მიმართებაში ეკლესიის დამოკიდებულებას ასახავს. და ისიც, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება [სიტყვა] თანამედროვეობაში" - აღნიშნავს ზვიადაძე.


close დახურვა