ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ინიციატივას ხრიკს უწოდებს და ამბობს, რომ მათი გუნდი ეკლესიის პოზიციას მხარს დაუჭერენ.
"ქართული ოცნება ჩვეული ხრიკებით ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ცხადია, ეკლესიამ გასცა პასუხი მათ ვითომ ინიციატივას, იმიტომ, რომ ცხადია, აქ არანაირი ინტერესი ქართულ ოცნებას არ ჰქონია არც მართლმადიდებლობის განმტკიცების, არც ეკლესიის განმტკიცების, ჰქონდა საარჩევნო მიზნები და მასზე მიიღო ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. შესაბამისად, ეს ხრიკი მათ ჩაუვარდათ.
ეკლესიის პოზიცია რაც იქნება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ჩვენ დავუჭერთ მხარს", - თქვა ჯაფარიძემ.
***
გუშინ, პირველ სექტემბერს პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ ფორმულასთან თქვა, რომ სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ "მართლმადიდებლობა სახელმწიფოს საყრდენია". როგორც ის ამბობს, ახლა კონსულტაციები იმის შესახებ გრძელდება, თუ რომელი ტერმინი იქნება გამოყენებული - საყრდენი, საფუძველი, თუ განმსაზღვრელი, თუმცა შეთანხმება მიღწეულია იმაზე, რომ კონსტიტუციაში ეკლესიის როლი აისახება.
მისივე ინფორმაციით, 30 აგვისტოს შეხვედრა გაიმართა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საპატრიარქოს მხრიდან კი შეხვედრაზე თავად ზვიადაძე, ასევე, პატრიარქის დააყრდნე შიო მუჯირი, მთავარეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე იყვნენ.
ზვიადაძის განცხადებით, შეხვედრაზე კობახიძემ კიდევ ერთხელ შესთავაზა, "ხომ არ იქნებოდა საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი მისი სტატუსის ამაღლება, რომ მართლმადიდებლური რელიგია ყოფილიყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული".
"პრემიერი ფიქრობდა, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. მაგრამ, მიუხედავად ამგვარი, რა თქმა უნდა, პატივისცემითი დამოკიდებულებისა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მცდელობა იყო იმის, რომ ეს ყოფილიყო – საქართველოს ეკლესიისთვის თუ იქნებოდა ეს მისაღები, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მართმადებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას", - აღნიშნავს ზვიადაძე.
მისი თქმით, კობახიძეს ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია წერილობით გადაეცა, კერძოდ ის, რომ ძალაში უნდა დარჩეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ამჟამად არსებული კონსტიტუციური შეთანხმება.