logo
ENG



ISFED: 1 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ₾7 მლნ-ზე მეტი შემოწირულიდან 84% ოცნებამ მიიღო

04 სექ 202415:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/04/moe10f562b1ztnc.jpeg

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში 2024 წლის 1 ივნისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში მიმოხილულია არსებული პოლიტიკური კონტექსტი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი, არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება.

"პოლარიზაციის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღებამ. ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგაც გაგრძელდა ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების კამპანია. მუქარის შემცველი ზარები ფიზიკურ თავდასხმებშიც გადაიზარდა" - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 1 ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა - ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ქართული ოცნებისთვის შეწირული თანხის ოდენობა ხუთჯერ გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში კი გაცილებით ნაკლები მასშტაბის ზრდა ან კლება დაფიქსირდა.

16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება.

ISFED მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე.

"წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას. გარდა ამისა, წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას".

ანგარიშში ასევე საუბარია ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიებების მიმდინარეობისას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე, ასევე, საოფისე ფართების დაქირავებისას წარმოშობილ სირთულეებსა და ოფისზე თავდასხმის შემთხვევებზე.

"საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან სამი მმართველ პარტიას, ხოლო ორი ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდებოდა".

ანგარიშში ასევე საუბარია მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე.

"ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად, გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს მთავრობის რამდენიმე განკარგულება სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, ანაზღაურებადი სტაჟირებების პროგრამა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავე პირების მობილიზება და სხვა"- ნათქვამია ანგარიშში.

 

 


close დახურვა