logo
ENG



კაფე მზიური: მერიას ჩვენი შენობა აუქციონზე გააქვს, ველოდებით პირობების გასაჯაროებას

12 სექ 202411:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/12/0r6ye40xe8nf9sl.jpg

კაფე მზიურში აცხადებენ, რომ თბილისის მერიას კაფის შენობა აუქციონზე გააქვს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ ეს ინფორმაცია არა მერიისგან, არამედ სახალხო დამცველის აპარატიდან მიიღეს.

კაფე მზიურში აცხადებენ, რომ ელოდებიან აუქციონის პირობების გასაჯაროებას.

"მივიღეთ წერილი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან სადაც გვატყობინებს ჩვენს კაფესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აუქციონის შესახებ. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილობითი მიმართვისა, თბილისის მერიამ უპასუხოდ დატოვა ყველა ჩვენი კითხვა. ომბუდსმენის აპარატი აღმოჩნდა ერთადერთი საჯარო უწყება, რომელმაც გვამცნო მერიის გადაწყვეტილების შესახებ.

ჩვენ დაველოდებით აუქციონის პირობების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საკონკურსო პირობები იქნება გამჭვირვალე, თანაბარი და მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველა ის ბარიერი რაც შშმ პირებს სხვებთან თანაბარ პირობებში გახდის კონკურენტუნარიანს", - ნათქვამია განცხადებაში. 

კაფე მზიურში აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ კაფის გადასარჩენად.

"გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მზიურის კაფეს გადასარჩენად. მზიური უნდა დარჩეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერ სივრცედ, როგორც თანასწორობის, ინკლუზიის მაგალითი და სხვა არაერთი სასარგებლო ინიციატივის ავტორი", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

***

კაფე მზიური უკვე 8 წელია სოციალური საწარმოს პრინციპით ფუნქციონირებს. 15 ივნისს მენეჯმენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება კაფის შენობა აუქციონზე გაიტანოს. როგორც მენეჯმენტის განცხადებაშია აღნიშნული, მათ მიიღეს წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან, საიდანაც გაირკვა, რომ კაფე მზიურს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.


close დახურვა