დანიის ეროვნულმა მუზეუმმა ბრაზილიას საკულტო მოსასხამი დაუბრუნა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნის მკვიდრ ჯგუფს ეკუთვნოდა. ცერემონიას ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ესწრებოდა.
ძირძველი ტუპინამბას ხალხის მიერ წმინდად მიჩნეული სამოსი ბრაზილიიდან პორტუგალიის კოლონიალური პერიოდის დროს წაიღეს და კოპენჰაგენში 1689 წლიდან გამოფინეს. 1,8 მეტრის სიგრძის მოსასხამი ალისფერი იბისის 4000 ბუმბულისგან არის დამზადებული.
ბრაზილია წლებია ცდილობს, რომ კოლონიალურ პერიოდში გატანილი არტეფაქტები ეტაპობრივად ქვეყანაში დააბრუნოს. მოსასხამი ივლისში დაბრუნდა და რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში განთავსდება.
ტუპინამბას ტომის 200-კაციანი ჯგუფი შენობის გარეთ განთავსდა, რათა მათთვის ძვირფასი ნივთი ენახათ და წინაპრებთან კავშირი აღედგინათ.
იაკუი ტუპინამბამ ამისთვის 1200 კილომეტრი ავტობუსით გაიარა:
"სევდასა და სიხარულს ვგრძნობდი. ნაზავია დაბადებასა და სიკვდილს შორის".
"ჩვენი წინაპრები ამბობენ, რომ როდესაც ევროპელებმა ის წაიღეს, ჩვენი სოფელი ჩრდილოეთის გარეშე დარჩა", - განაცხადა მკვიდრი მოსახლეობის ლიდერმა სუსუ არანა მორუბიხადა ტუპონამბამ.
ტუპინამბას რამდენიმე წმინდა მოსასხამი, რომელმაც ასეულობით წელს გაუძლო, ამ დრომდე ევროპის მუზეუმებშია გამოფენილი. ისინი მე-16 საუკუნით არის დათარიღებული.
ტუპინამბას ლიდერები ამბობენ, რომ ეს არ არის მხოლოდ არტეფაქტების სამშობლოში დაბრუნება, არამედ მკვიდრი ხალხის, მათი მიწებისა და უფლებების აღიარება.