logo
ENG



კინოცენტრი ოსკარზე რუსუდან გლურჯიძის ფილმ "ანტიკვარიატს" წარადგენს

13 სექ 202400:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/ekg1uszzasp0m6u.jpg

2024 წელს ოსკარის 97-ე ცერემონიაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ "ანტიკვარიატს" წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს.

როგორც კინოცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალურმა კომისიის წევრებმა წარსადგენი ფილმი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. მათივე ინფორმაციით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს” მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა. სხვა საკონკურსო ნამუშევრებს ხმები არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ წელს საავტორო უფლებებზე დაწყებული დავის გამო, ვენეციის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გლურჯიძის ფილმი "ანტიკვარიატი" ვენეციის კინოფესტივალის ჩვენებიდან მოხსნეს. ამავე ფესტივალზე კი კულუმბეგაშვილის "აპრილს" ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ხუთი ფილმი: „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (რეჟისორი და პროდიუსერი - ბექა სიხარულიძე); „კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა“ (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); „ეშმაკის სამოთხე“ (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); „ანტიკვარიატი“ (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და „აპრილი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი).

სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩო ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი).

 


close დახურვა