logo
ENG



სუჯაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ითხოვენ

13 სექ 202417:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/sy7717royukpe3i.jpg

ქალაქ სუჯისა და კურსკის ოლქის მაცხოვრებლების ახლობლებმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართეს - მათ სუჯანსკის რაიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა მოითხოვეს.

უკრაინული მედიის ცნობით, სუჯანსკის რაიონში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციას ატარებენ, არაოფიციალური მონაცემებით, ათასობით ადამიანი რჩება.

წერილში აღნიშნულია, რომ ჟენევის კონვენცია სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ სახელმწიფოებს ავალდებულებს, საომარი მოქმედებებისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა უზრუნველყონ.

"ალყაში მოქცეულ ქალაქში მოსახლეობა არ უნდა იბომბებოდეს. თუმცა გვესმის, რომ ურბანული ბრძოლის პირობებში ეს შეუძლებელია", - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორებმა ასევე გაიხსენეს, რომ 15 აგვისტოს ირინა ვერეშჩუკმა, რომელიც იმ დროს უკრაინის მთავრობაში ვიცეპრემიერის პოსტს იკავებდა, თქვა, რომ კიევი მზად იყო კურსკის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფანი გაეხსნა.

"ჩვენ, იმ ადამიანების ნათესავები, რომლებიც საბრძოლო ზონაში არიან, გთხოვთ, ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარული დერეფნის ოპერატიულ ორგანიზებას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ვთხოვთ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს, ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ", - აღნიშნულია წერილში.

 


close დახურვა