საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე ქართული ოცნების პოლიტიკის 3 მიმართულებაზე საუბრობს, რაც მოიცავს მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობის გადახედვასა და "ოსებისთვის ბოდიშის მოხდას".
მისი თქმით, ქართული ოცნება დასავლეთისგან სრულ იზოლაციასა და არჩევნების შემდეგ ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას აანონსებს. ასევე ყურადღებას ამახვილებს "ოსებისთვის ბოდიშის მოხდის" თემაზეც და ამბობს, რომ ამას შესაძლოა ტერიტორიული მთლიანობის კიდევ უფრო დარღვევა მოჰყვეს.
"სამი ცალკე აღებული განცხადება და მიმართულება შეგვიძლია გამოვყოთ - კობახიძის განცხადება, სადაც საუბარია პრაქტიკულად სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ურთიერთობის გადახედვაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს დასავლეთისგან საქართველოს იზოლაციას.
მეორე მიმართულება, ეს არის ასევე წინასაარჩევნო დაპირება, რომ არჩევნების მერე მთელ პოლიტიკურ ოპოზიციას, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას გაუსწორდება ქართული ოცნება, ეს არის არა მარტო იზოლაცია, ასევე ქვეყნის შიგნით დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება.
მესამე, რაც ასევე რამდენიმე დღის წინ ითქვა, ეს არის ბოდიშის თემა, რომელსაც, გამოხმაურებითაც თუ ვიმსჯელებთ, პირდაპირ შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის კიდევ უფრო დარღვევა, მათ შორის აღიარებების რაოდენობების გაზრდა, ეს ცხინვალმა პირდაპირ თქვა", - თქვა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის თქმით, ასეთი გამოწვევის წინაშე საქართველო არასდროს ყოფილა და ქართული ოცნების ყველა დღევანდელი ქმედება ხალხს შიდაიზოლაციაში ამყოფებს.
"ის კანონები, რაც მიიღეს, მაგის გარდა, ეს სამი მიმართულება, როგორიცაა იზოლაცია, პარტნიორებისგან გარიყულობა, ქვეყნის შიგნით დაპირისპირების გაღრმავება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ძალიან დიდი პრობლემაა [..]
ჩვენთან ხშირად ავიწყდებათ ან შეგნებულად არ აქცევენ ყურადღებას, რომ უსაფრთხოება, სიძლიერე, ტერიტორიული მთლიანობა და სტაბულიურობა, დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე და ყველა პრობლემის მიუხედავად, ჩვენი პარტნიორები ქართველ მოსახლეობას მაინც გვერდით გვიდგანან. [..]
ახლა ჩვენ რასაც ვისმენთ, სიმშვიდის წინააღმდეგაა მიმართული, არ შეიძლება ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდეს, როცა პარტნიორებისგან ხარ იზოლირებული, თუ სანქცირებული. უარს გეუბნებიან ფინანსურ დახმარებასა და ყველა იმ სიკეთეზე რასაც რეალურად ვიმსახურებთ", - თქვა სერგი კაპანაძემ ფორმულას ეთერში.