საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მეორე დღეს, 29 მაისს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა. ცვლილებამდე, საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა, ახლა ეს პერიოდი შესაძლოა 2 თვემდეც გაგრძელდეს.
ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ. კანონი ბიუროს თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს, საჯარო მოხელეს შენიშვნების შესახებ 30-ე დღეს აცნობოს, თანამდებობის პირს ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვე აქვს.
"ხარვეზის აღმოჩენისა და გამოსწორების პერიოდში დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია", - წერია კანონში
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის კენჭისყრაში მონაწილეობდნენ და კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოცნების 71-მა დეპუტატმა, ხალხის ძალის 9 წევრმა და ევროპელი სოციალისტების ერთმა წარმომადგენელმა.